1903-1985
გრაფიკა, თეატრის მხატვრობა, წიგნის ილუსტრაცია
ირინა შტენბერგი 1903 წელს დაიბადა თბილისში, წარმოშობით გერმანელი.1921 წლიდან სწავლობდა ნატიფი ხელოვნების კავკასიური საზოგადოების სკოლაში. 1923-1928 წლებში სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გ. გაბაშვილის, ი. შარლემანის, ბ. ფოგელის, და ე. ლანსერეს ხელმძღვანელობით. განსაკუთრებით ცნობილია მისი 1930-იან წლებში შესრულებული სერიები: „ჩემი აჭარა“, „საქართველოს ქალები“. ძირითადად მოღვაწეობდა თბილისში, გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრში. უმნიშვნელოვანესია მისი როლი თეატრალური მხატვრობის განვითარებაში. 1943 წელს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, 1976 წელს კი საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება.
შტენბერგის შემოქმედებამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია XX საუკუნის ბოლოს, როდესაც მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იქნა ფილიფსისა და სოტბის აუციონებზე. მის ნამუშევრებში მოდერნიზმის სტილის ნიშნები, ინდივიდუალური გამომსახველობითი ფორმების მეშვეობით, ავლენს გროტესკს, ირონიას, სუბიექტურ ესთეტიკურ მიდგომებს. ხელოვანის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებსა და გალერეებში.
გამოფენების არასრული ჩამონათვალი:
1966 - პერსონალური გამოფენა, თბილისი, საქართველო
1957 - პერსონალური გამოფენა, მოსკოვი, რუსეთი
1935 - საქართველოსა და კავკასიაში ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა, თბილისი
1929 - პირველი პერსონალური გამოფენა, მოსკოვი, რუსეთი