შალვა ძნელაძე
შალვა ძნელაძე


1892-1934


გრაფიკა, ფერწერა

 

შალვა ძნელაძე დაიბადა 1892 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბურნათში. დაწყებითი განათლება მიიღო ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, სადაც მისი მასწავლებელი იყო ვ. კროტკოვი. ქუთაისის შემდეგ, სწავლას აგრძელებს თბილისის სახვითი ხელოვნების წამახალისებელ საზოგადოებასთან არსებულ სამხატვრო სკოლაში. 1913-1917 წლებში სწავლობდა პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიასთან არსებულ კიევის სამხატვრო სასწავლებელში, სადაც მისი პედაგოგი იყო ფ. კრიჩევსკი.

1917 წელს შალვა ძნელაძე ბრუნდება საქართველოში. ამ პერიოდიდან მხატვრის შემოქმედებაში ცენტრალურ ადგილს ისტორიული თემატიკა იკავებს. კერძოდ, მშობლიური გურიის წარსული ( XIX ს.-ის 40-იანი წლების გურიის გლეხთა განმათავისუფლებელი მოძრაობა და 1905 წლის გურიის აჯანყება).


მხატვარი ძირითადად გრაფიკაში მუშაობდა, იშვიათად ფერწერაში. მცირე ფორმატის ნამუშევრები უმეტესად ქაღალდზე ფანქრით, სანგინით, ტუშითა და აკვარელითაა შესრულებული. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გურიის ბუნების პეიზაჟებსა, ასევე ყოფის ამსახველ ეთნოგრაფიულ ნამუშევრებსა და გლეხთა სახასიათო ტიპაჟის პორტრეტებს.


შალვა ძნელაძის ნამუშევრების უმეტესი ნაწილი  ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმში, ნაწილი კი სხვადასხვა მუზეუმების (გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული არქივი, ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის გალერეა, ჩოხატაურის ნ. ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი) ფონდებსა და კერძო კოლექციებში.


გამოფენების არასრული ჩამონათვალი:

 

2018  - თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), თბილისი, საქართველო

1970 - პერსონალური გამოფენა, გამომცემლობა „მერანი“, თბილისი, საქართველო

1935 - პერსონალური გამოფენა, ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო