სერგო ქობულაძე
სერგო ქობულაძე

1909-1978


ფერწერა, გრაფიკა, თეატრის მხატვრობა, წიგნის ილუსტრაცია


სერგო ქობულაძე დაიბადა 1909 წელს ახალციხეში, საქართველოში. ქობულაძე საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი კლასიკოსი შემოქმედი და საზოგადო მოღვაწეა. 1925-1930 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1938 წლიდან თავად ასწავლიდა აკადემიაში, 1953-1958 წლებში იყო აკადემიის რექტორი. ხელოვანის შემოქმედებითი მიდგომები კლასიკური ფორმების პლასტიურობის ძიებას ეფუძნება. წლების განმავლობაში ის იკვლევდა „ოქროს კვეთის“ პრინციპებს, ასევე შესწავლილი აქვს ქართული და ანტიკური არქიტექტურული ძეგლები.


1931 წლიდან სერგო ქობულაძე იყო სსრკ-ს დიდი თეატრისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვარი, განსაკუთრებით ცნობილია მის მიერ 1960 წელს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრისათვის მოხატული საზეიმო ფარდა.


 1930 წლიდან სისტემატურად მონაწილეობდა გამოფენებში თბილისში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში.  1935 წელს მან შექმნა „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები, რაც დღემდე უნიკალური და საზოგადოდ აღიარებული მემკვიდრეობაა,  ორიგინალები ტრეტიაკოვის გალერეის  კოლექციაში ინახება. 1950-იან წლებში მისი ნამუშევრები გაიგზავნა ვენეციასა და ლონდონში. 1956 წელს იტალიაში, ვენეციის ბიენალეზე, სერგო ქობულაძის “დანტეს” დიდი წარმატება ხვდა წილად. მხატვრის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში, გალერეებსა და მუზეუმებში საქართველოსა და უცხოეთში.