1896-1980
ფერწერა, გრაფიკა, მონუმენტური მხატვრობა, თეატრისა და კინოს მხატვრობა
ლადო გუდიაშვილი დაიბადა 1896 წელს თბილისში, საქართველოში. 1910-1914 წლებში სწავლობდა კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში. 1916 წელს სხვა მხატვრებთან ერთად დააარსა ქართველ ხელოვანთა საზოგადოება. 1919–1926 წლებში პარიზში სწავლობდა რონსონის ე. წ. "თავისუფალ აკადემიაში".1926–1932 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გუდიაშვილი ასწავლიდა მონუმენტურ-დეკორატიულ მხატვრობას. მისი მონუმენტური ნამუშევრებიდან მნიშვნელოვანია 1919 წელს რესტორან ქიმერიონის მოხატვა თბილისში, ასევე 1946 წელს მის მიერ არის მოხატული ქაშვეთის ეკლესიის საკურთხეველი. ხელოვანს 1965 წელს მიანიჭეს შოთა რუსთაველის პრემია, ხოლო 1979 წელს საპატიო მოქალაქის წოდება. 2011 წლიდან ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი ფუნქციონირებს მისივე სახელობის ქუჩაზე.
ლადო გუდიაშვილი XX საუკუნის ქართველი მოდერნისტი ხელოვანების თაობას მიეკუთვნება, თუმცა ის თავის შემოქმედებას არ ავითარებს აბსტრაქციის მიმართულებით. კუბიზმისა და არასაგნობრივი ხელოვნების ნაცვლად, ის ეძიებს ეროვნულ ფორმისეულ გადაწყვეტას ექსპრესიული გამომსახველობით. მისი ნამუშევრებისთვის სახასიათოა ხაზის დომინანტობა. ლადო გუდიაშვილი არის საერთაშორისოდ აღიარებული ხელოვანი, მის შესახებ გამოცემულია მრავალი წიგნი და ალბომი. გუდიაშვილის ნამუშევრები ინახება სხვადასხვა კერძო კოლექციასა და მუზეუმში (მათ შორის თბილისის ეროვნული გალერეა, გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი,შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მუზეუმი, დრეზდენის სურათების გალერეა, მადრიდის „პრადოს“ მუზეუმი და ა.შ.) საქართველოსა და უცხოეთში.
გამოფენების არასრული ჩამონათვალი:
1957 - პერსონალური გამოფენა, თბილისის სამხატვრო გალერეა, თბილისი, საქართველო
1935-1936 პერსონალური გამოფენა გალერეა ბიიე, პარიზი, საფრანგეთი
1934 - საბჭოთა გრაფიკის გამოფენა, ლონდონი, გლაზგო
1933 - თანამედროვე ფერწერის გამოფენები, ნიუ-იორკი (Custom House), ჩიკაგო, ფილადელფია , აშშ
1928 - საერთაშორისო გამოფენა, ვენეციის XVI ხელოვნების ბიენალე, იტალია
1926 - პერსონალური გამოფენა, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დრამატული სტუდია, თბილისი, საქართველო
1925 - პერსონალური გამოფენა, გალერეა ბიიე, პარიზი, საფრანგეთი
1923 - ჯ. როზენბერგის ორგანიზებული გამოფენა სხვა (ა. მატისის, ა. მოდილიანის, პ. სინიაკისა და სხვ.) სურათებთან ერთად, ნიუ-იორკის "ახალ გალერეა", ნიო-იორკი, აშშ
1922 - პერსონალური გამოფენა, ლა ლიკორნის გალერეა, პარიზი, საფრანგეთი
1921 - "დამოუკიდებელ მხატვართა საზოგადოების" გამოფენა, პარიზი, საფრანგეთი
1921 - გალერეა "დენსი" რუს მხატვართა გამოფენა (ლ. ბაქსტი, ნ. გონჩაროვა, მ. ლარიონოვი, ს. სორინი, ს. სუდეიკინი და სხვ.) პარიზი, საფრანგეთი
1920 - გუდიაშვილის ნამუშევრების გამოფენა “საშემოდგომო სალონი” , პარიზი, საფრანგეთი
1918 - ქართველ მხატვართა გამოფენა, დიდების ტაძარი, თბილისი, საქართველო