1892-1969
ფერწერა, გრაფიკა, თეატრის მხატვრობა, ტიპოგრაფია
კირილ ზდანევიჩი დაიბადა 1892 წელს კოჯორში, საქართველოში. 1918 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხატვრო აკადემია. ფერწერას სწავლობდა თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგსა და პარიზში. 1923 წლიდან გატაცებული იყო თეატრალურ-დეკორატიული ფერწერით.
კირილ ზდანევიჩი, პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვარი ფუტურისტი, მოდერნისტული ხელოვნების, კერძოდ “თბილისური ავანგარდის” მნიშვნელოვანი წარმომადგენელი და ჯგუფ "41°"-ის წევრი იყო. იგი ლადო გუდიაშვილთან, ალექსეი პეტროკოვსკისთან, იური დეგენთან და ილია ზდანევიჩთან ერთად მონაწილეობას იღებდა “ფანტასტიკური სამიკიტნოს” მოხატვაში. ასევე, მუშაობდა არტისტული კაფე “არგონავტების ნავის” მოხატვაზეც. ხელოვანი აქტიურად მოღვაწეობდა, როგორც წიგნების ილუსტრატორი, თეორეტიკოსი, ხელოვნების მკვლევარი, ფუძემდებელია მიმდინარეობისა "საორკესტრო ფერწერა".
კირილ ზდანევიჩი 1923 წლიდან კოტე მარჯანიშვილის მიწვევით მუშაობდა რუსთაველის თეატრში. 1928-1930 წლებში მუშაობდა მოსკოვის მ. ფორეგერის თეატრში. კირილ ზდანევიჩმა თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ქართული სცენოგრაფიის განვითარებაში და იმ რეფორმატორულ ცვლილებებში, რომლებიც კოტე მარჯანიშვილმა განახორციელა. მხატვრისა და მისი ძმის, ილია ზდანევიჩის, უდიდესი დამსახურებაა ლე-დანტიუსთან ერთად ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედების აღმოჩენა და პოპულარიზაცია.
1949 წელს მხატვარი რეპრესირებულ იქნა და 8 წელი გადასახლებაში იმყოფებოდა ვორკუტაში. 1957 წელს, განთავისუფლების შემდეგ, თბილისში დაბრუნდა. 1963 წელს მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. მხატვარი 1969 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
მნიშვნელოვანი თარიღები:
1912 - რუსეთის მხატვართა ჯგუფის “ოსლინი ხვოსტ”-ის (Ослиный Хвост) ნეოპრიმიტივისტული გამოფენები ( მხატვრებთან მიხეილ ლარიონოვთან, ნატალია გონჩაროვასთან, ვლადიმერ ტატლინთან, კაზიმირ მალევიჩთან და სხვებთან ერთად.)
1913 – „მიშენი“ (Мишень), მოსკოვი, რუსეთი
1913 - პირველი პერსონალური გამოფენა, ალექსანდრე არხიპენკოს ატელიე პარიზი, საფრანგეთი
1919 - პერსონალური გამოფენა, თბილისი, საქართველო
1925 მხატვრულ-დეკორატიული ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა, პარიზი, საფრანგეთი