შალვა ქიქოძე
შალვა ქიქოძე

1894 - 1921


ფერწერა, გრაფიკა, თეატრის მხატვრობა


შალვა ქიქოძე დაიბადა 1894 წელს სოფ. ბახვში, საქართველოში. 1914 წელს დაამთავრა ქართული გიმნაზია, სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, პარალელურად 1914-1917 წლებში სწავლობდა მხატვრობას მოსკოვის ხატვის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში. 1916 წელს მონაწილეობდა ნაბახტევის ექსპედიციაში, სადაც  შეასრულა ფრესკების პირები. 1919 წელს სასწავლებლად გაემგზავრა პარიზში, ლადო გუდიაშვილთან და დავით კაკაბაძესთან ერთად. მხატვარი 1921 წელს, გერმანიაში ყოფნისას გარდაიცვალა და დაკრძალულია ქალაქ ფრაიბურგში.


შალვა ქიქოძე ქართველი მოდერნისტი მხატვარია, რომელიც ხანმოკლე მოღვაწეობის მიუხედავად, უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს ქართულ ხელოვნებაში. გამორჩეულია ქიქოძის მსოფლხედვა, ექსპრესიულობა, სიმბოლურ-ალეგორიული გამომსახველობა. ფერწერული ნამუშევრების გარდა, ის მუშაობდა გრაფიკაში, აღსანიშნავია მისი კარიკატურები. 

მხატვრის ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდში.


გამოფენების  არასრული ჩამონათვალი:


2015 - შალვა ქიქოძე 120 - ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო

1928 - შალვა ქიქოძის პერსონალური გამოფენა, თბილისი, საქართველო

1921 - დამოუკიდებელი მხატვარების ყოველწლიური გამოფენა „დამოუკიდებელთა სალონში“, პარიზი, საფრანგეთი

1921 - დამოუკიდებელი მხატვარების ყოველწლიური გამოფენა გალერეა „ლა ლიკორნი“, პარიზი, საფრანგეთი

1919 - ქართველ მხატვართა გამოფენა, ,,დიდების ტაძარი”, თბილისი, საქართველო